Перейти к содержанию

/ 2 мин чтения

საიტის სიჩქარე: რატომ კარგავთ კლიენტებს ნელი საიტის გამო

წარმოიდგინეთ მაღაზია, რომლის კარიც ათი წამის განმავლობაში არ იღება. მომხმარებელთა უმეტესობა უბრალოდ მეზობელ მაღაზიაში შევა. ინტერნეტში ზუსტად იგივე ხდება, ოღონდ გაცილებით სწრაფად: მეზობელი საიტი სულ ერთი დაწკაპუნებითაა დაშორებული.

ამ სტატიაში აგიხსნით, რატომ არის საიტის სიჩქარე ასეთი მნიშვნელოვანი, რა ანელებს საიტებს ყველაზე ხშირად და როგორ შეამოწმოთ საკუთარი საიტი.

ყოველი წამი მნიშვნელოვანია

გუგლის კვლევის მიხედვით, როცა გვერდის ჩატვირთვის დრო ერთი წამიდან სამ წამამდე იზრდება, ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი საიტს დატოვებს, 32 პროცენტით მატულობს. ეს ნიშნავს, რომ ნელი საიტი რეკლამაში დახარჯულ ფულსაც კარგავს: ადამიანმა რეკლამაზე დააწკაპუნა, თქვენ ამ დაწკაპუნების საფასური გადაიხადეთ, მან კი გვერდის ჩატვირთვას აღარ დაელოდა.

საქართველოში ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან საიტებს ადამიანების დიდი ნაწილი ტელეფონით, მობილური ინტერნეტით ათვალიერებს. ის, რაც ოფისის კომპიუტერზე სწრაფად იხსნება, ტელეფონზე შეიძლება საგრძნობლად ნელა ჩაიტვირთოს.

სიჩქარე და გუგლი

სიჩქარე მხოლოდ მომხმარებლის მოთმინების საკითხი არ არის. გუგლი საიტებს ე.წ. Core Web Vitals მაჩვენებლებით აფასებს და ეს შეფასება ძიების შედეგებზეც მოქმედებს. სამი ძირითადი მაჩვენებელია:

LCP გვიჩვენებს, რამდენ ხანში ჩანს გვერდის მთავარი შინაარსი. კარგი შედეგია 2.5 წამი ან ნაკლები.

INP გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად რეაგირებს გვერდი დაწკაპუნებასა და აკრეფაზე. კარგი შედეგია 200 მილიწამი ან ნაკლები.

CLS გვიჩვენებს, რამდენად „ხტება“ გვერდის ელემენტები ჩატვირთვისას. კარგი შედეგია 0.1 ან ნაკლები.

რა ანელებს საიტებს ყველაზე ხშირად

1. დიდი ზომის სურათები. ფოტო, რომელიც პირდაპირ კამერიდან აიტვირთა, შეიძლება რამდენიმე მეგაბაიტს იწონიდეს, მაშინ როცა საიტისთვის ბევრად მცირე ზომაც საკმარისია. სურათები უნდა შეამციროთ და თანამედროვე WebP ან AVIF ფორმატში გადაიყვანოთ.

2. იაფი ან გადატვირთული ჰოსტინგი. თუ სერვერი ნელა პასუხობს, ვერანაირი ოპტიმიზაცია ვერ გიშველით.

3. ზედმეტი დამატებები და მძიმე კონსტრუქტორები. WordPress საიტებზე ხშირად ათობით დამატებაა დაყენებული, რომელთა ნაწილი აღარც გამოიყენება, თითოეული კი საიტს დამატებით ტვირთავს.

4. მესამე მხარის სკრიპტები. ჩატის ფანჯრები, სარეკლამო პიქსელები, ვიჯეტები და რუკები თითოეული ცალკე იტვირთება და ჯამში გვერდს მნიშვნელოვნად ანელებს.

5. ბევრი შრიფტი. ქართული შრიფტები ხშირად რამდენიმე სისქით და რამდენიმე ფაილად იტვირთება. რაც უფრო ნაკლები ვარიანტი გამოიყენება, მით უფრო სწრაფია საიტი.

6. ქეშირების არარსებობა. ქეშირების გარეშე სერვერი ყოველ ჯერზე გვერდს თავიდან აწყობს, მაშინ როცა შეეძლო მზა ვერსია მიეწოდებინა.

როგორ შეამოწმოთ თქვენი საიტი

გახსენით უფასო ინსტრუმენტი PageSpeed Insights, ჩაწერეთ თქვენი საიტის მისამართი და ნახეთ შედეგი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მობილურის შეფასებას. ინსტრუმენტი კონკრეტულად გიჩვენებთ, რა ანელებს გვერდს.

ასევე უბრალოდ გახსენით საიტი საკუთარ ტელეფონზე, მობილური ინტერნეტით და არა ვაიფაით. შეხედეთ მას კლიენტის თვალით: რამდენ ხანს უწევთ ლოდინი?

სიჩქარე ინვესტიციაა

სწრაფი საიტი უკეთ ჩანს გუგლში, მეტ ვიზიტორს აკავებს და მეტი შეკვეთა მოაქვს. ხშირად რამდენიმე სწორი ცვლილებაც საკმარისია, რომ საიტი რამდენჯერმე დაჩქარდეს.

თუ თქვენი საიტი ნელა იტვირთება, დაგვიკავშირდით. WEBSTYLE გუნდში გავაანალიზებთ მის სიჩქარეს და გეტყვით, რა ცვლილებები მოგცემთ ყველაზე დიდ შედეგს.